logo
ENG



ასლან ბჟანია რუსეთისთვის "ბიჭვინთის" აგარაკის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა

01 სექ 202221:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/hbwenl6rm97dd7l.jpg

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ იმ შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა, რომელიც რუსეთისთვის სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთის" გადაცემას გულისხმობს.

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს.

საუბარია 2022 წლის იანვარში რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობებს შორის დადებულ შეთანხმებაზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული "ბიჭვინთის" სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

მედია ასევე იუწყება, რომ ბჟანიას ე.წ ოპოზიცია ე.წ პარლამენტის მხრიდან ამ შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგია, ვინაიდან, მათი თქმით, ეს დოკუმენტი აფხაზეთის ე.წ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ბჟანიამ განაცხადა, რომ მზადაა უპასუხოს ოპოზიციისა და საზოგადოების კითხვებს. თავად კი ამ გადაწყვეტილების სისწორეში "აბსოლუტურად დარწმუნებულია". 

„ჩემი მხრიდან მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების ასევე ზოგადად, საზოგადოების მხრიდან ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მღელვარების შესახებ. მჯერა, რომ ამ შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოხდეს და ამ გადაწყვეტილების სისწორეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“ - განაცხადა ბჟანიამ.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

 

close დახურვა